ადვოკატი: მზიას სთავაზობენ, აღიაროს, რაც დააბრალეს და ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო

ადვოკატი: მზიას სთავაზობენ, აღიაროს, რაც დააბრალეს და ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო

ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს სასჯელის შემსუბუქებას ბრალის აღიარების სანაცვლოდ სთავაზობენ.

მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელს სთავაზობენ, "ყველაფერი აღიარე, ყველაფერი დაიბრალე, რაც ვერ დავადასტურებთ და მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო".

"მე ვფიქრობ, რაიმე ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს ბრალდებას. მთავარი იყო, მანამდე რაზე ისაუბრა და ეს საპროცესო ზუსტად იმავე ოპერის ნაწილია, რასაც პირველი დღიდან ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ასე ვთქვათ, საჯაროდ, სთავაზობდნენ, რომ აღიარე, რომ ეს ყველაფერი, რაც დაგაბრალეს, რომ ვითომ პოლიციელებს აყენებდი შეურაცხყოფას, ვითომ ვიღაცების დაკავებაში ხელს უშლიდი, შემდეგ თავდაცვა განახორციელე ვიღაცის დავალებით და ამიტომ, ამიტომ... ეს ყველაფერი აღიარე და ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზე. ეს ყველაფერი შესთავაზეს და ბოლოს შესთავაზეს, ყველაფერი დაიბრალე, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთო და მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო. მეტი ზეწოლა რა უნდა იყოს.

დღეს ინკასო დაადეს ბათუმელებს, ესეც იმავეს ეხმიანება, მზიაზე ზეწოლას. ამიტომ არის გაკეთებული, აქამდე არასდროს ყოფილა, რამდენადაც მე ვიცი. ეს შეთავაზებაც ეს არის - აი, ჩვენ ამას გთხოვთ, ერთადერთი შანსი გაქვს, რომ თავი დააღწიო პატიმრობას, აღიარე, დაიბრალე ყველაფერი და მერე ვისაუბროთ ანუ რამდენს და როგორ შეგიმსუბუქებთ. ეს იყო ბრალდების დღევანდელი პოზიცია, მეტი არაფერი", - ამბობს ადვოკატი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა საპროცესო შეთანხმებაზე და თქვა, რომ დაცვის მხარეს აქამდე მათთვის საპროცესო შეთანხმებისთვის არ მიუმართავს.

"მათი მზადყოფნის შემთხვევაში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ განვიხილოთ [საპროცესო შეთანხმება]“ – თქვა მან და Netgazeti-ს თანახმად, დასძინა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც თანახმაა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითვალისწინებს, რომ მზია ამაღლობელმა აღიაროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარდგენილი ბრალდება.

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სხდომა პირველ აგვისტოს გაიმართება.