
საპროტესტო აქციების პარალელურად, 7 დეკემბერს დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე, რომლის ფლობასაც კაციას ედავებიან, დაკავებულის თითის კვალი არ ამოვიდა.
ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნიკა კაციას ნარკოტიკული საშუალება არ მოუხმარია.
ადვოკატის ცნობით, ის აღნიშნულ ესპერტიზის დასკვნას სასამართლო პროცესზე წარადგენს.
"დაცვის მხარეს დანიშნული ჰქონდა ალტერნატიული ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა [ანაბეჭდი] მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნულ ბიუროს, სადაც დადგინდა ექსპერტიზის დასკვნით, რომ ნიკოლოზ კაციას არ მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება.
იყო ნარკოლოგიური შემოწმება თმის ღერიდან. მივიღეთ დასკვნები, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კაციას არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამასთან ერთად დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე თითის კვალი არ ამოვიდა.
დღეს წარვადგენთ ჩვენ სასამართლოზე ამ მტკიცებულებას, სასამართლო იმსჯელებს მის დასაშვებობაზე. საქმეში იცვლება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნიკოლოზ კაცია ინფორმაციული პატაკის საფუძველზეა დაკავებული და მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა, რადგან ამ ინფორმაციულ პატაკში მითითებული იყო, რომ ის იყო აქტიური მომხმარებელი და შესაბამისად, ამ მიზნით შეიძინა და ინახავდა უკანონოდ ნარკოტიკულ საშუალებებს.
ეს დასკვნა ნიკოლოზ კაციას პოზიციას ამყარებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას როგორც მომხმარებელს, არაფერში არ სჭირდებოდა, ეს ნარკოტიკული საშუალება და როგორც ნიკოლოზ კაცია თავად აცხადებს, ეს ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს", - თქვა ადვოკატმა.