
პროკურატურის მასალების მიხედვით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით დატოვა.
ეს ინფორმაცია TV პირველთან საუბრისას გიორგი ბაჩიაშვილი ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დაადასტურა.
ადვოკატის თქმით, პროკურატურის დადგენილებაში წერია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ჯერ სომხეთში წავიდა, იქიდან კი სხვა პასპორტით მესამე ქვეყანაში გაემგზავრა.
ადვოკატი ამბობს, რომ დამატებით დადგენილებაში არაფერი წერია და არც ის არის დაკონკრეტებული, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით როგორ დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი.
ცოტა ხნის წინ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა "საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი".
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა - დაკავების მიზნით", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალი წარუდგინა. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ფორმულას პროკურატურაში უთხრეს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
4 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა და მიზეზად დაასახელა მიღებული ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხის შესახებ.
***
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.
25 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა - სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.