ადმინისტრაცია: პრემიერმა სი ძინპინზე ზურაბიშვილის განცხადების გამო ელჩთან სინანული გამოხატა

ადმინისტრაცია: პრემიერმა სი ძინპინზე ზურაბიშვილის განცხადების გამო ელჩთან სინანული გამოხატა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილის განცხადება "არ დააზიანებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას".

საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც მას ჰკითხეს, იმედოვნებს თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდესმე გასამართლდებიან? "სი ძინპინი უიგურების გენოციდისთვის, პუტინი კი ბრალდებულია ომის დანაშაულისთვის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის", რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა: "მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა".

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას "კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელი" უწოდა.

"აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირების მიზეზი.

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ.

პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.