ადმინისტრაცია: კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა, ხვალ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდება

ადმინისტრაცია: კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა, ხვალ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდება

რეჟიმის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. ინფორმაციას ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, კობახიძე ხვალ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდება.

"ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან"- ნათქვამია განცხადებაში.