ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა პირებმა სახელმწიფო შესყიდვებით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა პირებმა სახელმწიფო შესყიდვებით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში შესყიდვების სისტემაში არსებული კორუფცია და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები გამოვლინდა. 2017-2025 წლებში, მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა ადგილობრივ ლიდერებთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა 2,189,863 ლარი აითვისა. თანხების 78.2% (1,713,942 ლარი) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ ჩატარებული ტენდერებით გადაერიცხათ.

ინტერესთა კონფლიქტი
დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ხშირია შემთხვევები, როცა ერთი ოჯახის წევრები ან ახლობლები ერთმანეთის სამუშაოებს იბარებენ ისე, რომ ინტერესთა კონფლიქტზე ოფიციალურად არაფერს უთითებენ. მაგალითად, მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ვაჟა გუტაშვილი, ძმის შესრულებულ სამუშაოებს ინტერესთა კონფლიქტის იგნორირებით იღებდა, რითაც კანონი უხეშად დაირღვა.

მერისა და მისი ახლობლების გავლენა შესყიდვებზე
მერის შვილი და მისი ბიზნესპარტნიორები პირდაპირ არიან ჩართული მუნიციპალიტეტის რესურსების ათვისებაში. შპს "ელევენ ქონსთრაქშენმა," რომელიც მერის შვილის, გიორგი ქიმაძის საკუთრებაშია, ორი ტენდერი მოიგო იმ პერიოდშიც კი, როცა იგი ოფიციალურად კომპანიის მფლობელი არ იყო.

მერის ნათესავები და ახლობლები – "გამარჯვებული" ტენდერების მთავარი ბენეფიციარები
მერის ბიძაშვილის მეუღლეს, ზურაბ ქურციკიძეს, ინდივიდუალური მეწარმედ რეგისტრაციიდან მხოლოდ 7 თვეში, მერიის 12 სახელმწიფო შესყიდვა დაერიცხა, ჯამში 261,690 ლარზე.

პოლიტიკური მხარდაჭერა და სახელმწიფო რესურსების მითვისება
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ჯაბა ხოზრევანიძემ და ბადრი ვაშაყმაძემ, ასევე მათი ოჯახის წევრებმა, საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტიდან 284,519 ლარი აითვისეს.

კორუფციის სისტემური ხასიათი
მერიასა და მის ირგვლივ ახლობლების წრეში გადაცემული რესურსები ადიგენის მსგავს მცირე მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის სერიოზულ განიავებას იწვევს. ეს ფული, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე უნდა იხარჯებოდეს, პირადი გამდიდრებისთვის გამოიყენება.

ადიგენში დაფიქსირებული შემთხვევები არამხოლოდ კორუფციის სიმძიმეს აჩვენებს, არამედ ამ პრობლემის სისტემურ ხასიათზეც მიუთითებს.