
Wall Street Journal ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ 6 აგვისტოს დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან გამართულ შეხვედრაზე, ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების სანაცვლოდ, რუსეთი ომს შეწყვეტს.
კერძოდ, როგორც გამოცემა იტყობინება, პუტინს სურს, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქი დატოვონ, რაც მას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, ასევე ყირიმზე სრულ კონტროლს მისცემს.
აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით, ევროპელმა ლიდერებმა ეჭვები გამოთქვეს. მათ აშფოთებთ იმ ვარიანტის განხილვა, რომ პუტინი მოლაპარაკებების საკითხს მხოლოდ დროის გასაჭიანურებლად იყენებს, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაპირებული მეორადი სანქციები.
მეორად სანქციებში იგულისხმება ის შეზღუდვები, რომლებსაც ვაშინგტონი დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ.
გარდა ამისა, WSJ-ის ცნობით, ევროპელ პოლიტიკოსებს კითხვები აქვთ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში არსებულ სიტუაციებთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის, რუსულ ჯარს ამ ოლქების მხოლოდ ნაწილი აქვს დაკავებული. ამიტომ ევროპელ ლიდერებში ჩნება კითხვა - შეთანხმების მიღწევის შემთხევაში, ფრონტის ხაზი ამჟამინდელ ადგილას გაიყინება, თუ კრემლი თავის ძალებს გაიყვანს ამ ტერიტორიებიდან.
WSJ-ის ცნობით, პუტინის წინადადება ორ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა გულისხმობს უკრაინული ძალების დონეცკიდან გაყვანას, რითაც გაიყინება ფრონტის ხაზი.
მეორე ფაზა გულისხმობს ტრამპისა და პუტინის შეთანხმებას საბოლოო სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკების საგანი გახდება.