საგამოძიებო პორტალი, VSquare წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მრჩეველი და მისი კამპანიის ოფიციალურად დაუდასტურებელი სტრატეგი, არპად ჰაბონი საქართველოში, კერძოდ თბილისში ხშირად ჩამოდის და ქვეყნის პრორუსულ მთავრობას მრჩევლად ეხმარება.
პორტალის ინფრომაციით, ჰაბონის ამოცანა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის ურთიერთობის დამყარება იყო, თუმცა პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანი, ორბანის მთავრობის მინისტრი, ანტალ როგანი აშშ-მ კორუფციისთვის მაგნიტსკის სიით დაასანქცირა.
VSquare აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ორბანს საქართველოში თან ახლდა არპად ჰაბონი, რომელიც დიდი ხანია უნგრეთის პრემიერმინისტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მრჩეველია, თუმცა მისი საქმიანობა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.
პორტალი წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმი დიდ ნდობას უცხადეს ჰაბონს, რომელიც, ყველაზე ხშირად თბილისის აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმრო შერატონსა და ოცნების შტაბ-ბინას სტუმრობს. VSquare-ის ინფორმატორის თქმით, ჰაბონი პრორუსულ ქართულ ოცნებას თავისი რჩევებით სულ მცირე ორი წელია ეხმარება.
ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა პორტალს განუცხადა, რომ ჰაბონიმ უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამასთან, აქტიურად ეხმარებოდა ოცნებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს - საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ორბანის კავშირები მათ დონალდ ტრამპთან დაახლოებაში დაეხმარება.
"ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მათ არა მხოლოდ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება, არამედ ოცნების ლიდერისთვის დაწესებული სანქციებისგან - თავის დაღწევაშიც. ქართული ოცნებისა და ორბანის გეგმა იყო შეხვედრის მოწყობა პარტიის ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და დონალდ ტრამპს შორის, თუმცა, ეს გეგმა ჩაიშალა", - წერს VSquare.
პორტალი ხაზს უსვამს, რომ ორბანისა და ჰაბონის ძალისხმევას გზად სერიოზული დაბრკოლებები შეხვდა: ტრამპი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, პროევროპელ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თავის ინაუგურაციაზეც მიიწვია, საკმაოდ თბილად შეხვდა.
ამასთან, გავრცელდა ფოტო, სადაც ირაკლი კობახიძე ირანელ, ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად იმყოფება, რამაც რესპუბლიკურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია.
"ესენი ის ტერორისტები, რომლებმაც დაიფიცეს, რომ დონალდ ტრამპს მოკლავდნენ და რომლებსაც ამერიკის სიკვდილი სურთ. ამერიკა არ მოტყუვდება", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე.
როგორც ცნობილია, მანამდე ჰაბონი სლოვაკეთსა და პოლონეთში მუშაობდა და ორბანის ადგილობრივ მოკავშირეებს ეხმარებოდა. ამასთან, ის ფლორიდაში ტრამპის გუნდთან დასაკავშირებლადაც გაფრინდა.