
გამოცემა The Guardian-ის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ადგილობრივ იურისტთან შესახვედრად იმყოფებოდა, თუმცა სასტუმროში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს.
ბაჩიაშვილის მეგობრების ინფორმაციით, ის სასტუმრო Jumeirah Beach Hotel-ში მივიდა, სადაც მის დასახმარებლად მოწვეული იურისტი ელოდა. თუმცა მის ნაცვლად სასტუმროს ფოიეში დაახლოებით რვა შეიარაღებული პირი – სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები – გამოჩნდნენ, რომლებმაც ის ადგილზე დააკავეს და დუბაის პოლიციაში გადაიყვანეს.
„მას მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარის უფლება მისცეს – ოჯახისთვის დაერეკა და დაკავება შეეტყობინებინა. მას შემდეგ მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია,“ – წერს ბრიტანული გამოცემა.
***
გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს სუს-მა გაავრცელა.
უწყების ცნობით, სუს-ში გუშინ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 5-წლამდე ვადით აღკვეთს გულისხმობს.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან "სისტემაში არსებული ხვრელებისა და ადამიანების" დახმარებით, საქართველო დატოვა. აღნიშნულ პოსტში იგი საუბრობდა საფრთხეებზე, რომლებიც მას ციხეში მოხვედრის შემთხვევაში დაემუქრებოდა.
სასამართლომ მას 10 მარტს ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხოლო 1-ელ მაისს გახდა ცნობილი, რომ სასამართლომ მას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებით 9 000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.