Tbilisi Pride-ის განცხადებით, პოლიციამ არ გამოიყენა პროპორციული ძალა იმისთვის, რომ მოძალადე ჯგუფები შეეკავებინა და ფესტივალის ტერიტორიამდე არ მიეშვა.
ორგანიზაციის თქმით, თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალტ-ინფოს მიერ დაიგეგმა და უწყებისგან მიღებული გარანტიების მიუხედავად, ალტ-ინფოს წევრებმა ალყაში მოაქციეს ფესტივალის ტერიტორია და ფესტივალის მონაწილეებს ადგილი დაატოვებინეს.
Tbilisi Pride-ის აზრით, ეს "ევაკუაციაც" წინასწარ იყო დაგეგმილი და შსს-ის უმოქმედობის დასტურია.
Tbilisi Pride-ის განცხადება:
"დღეს ცხადად დავინახეთ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე და თბილისი პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ.
ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული პოლიცია, რომელიც ფესტივალის ტერიტორიას “იცავდა” გვარწმუნებდა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ახლოს ვერ მოვიდოდნენ, ამის პარალელურად კი, მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა კადრები სადაც ჩანს, როგორ დაუბრკოლებლად, შეთანხმებულად მოდის პოლიცია და ძალადობრივი ჯგუფი ტერიტორიისკენ.
ალტ-ინფოს წევრებმა ალყაში მოგვაქციეს, პოლიციამ კი, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დაეშალა, წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით დაგვატოვებინა ჩვენი ტერიტორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებიდან აშკარაა, რომ ეს სამარცხვინო “ევაკუაცია” მათ გამარჯვებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი, ესეც წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი და მათი უმოქმედობის დასტური იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე მოსამზადებელ პერიოდში, კვირების განმავლობაში და ფესტივალის დღესაც დაცვის გარანტიებს გვაძლევდა, სანაცვლოდ კი, პოლიციამ ნება დართო ალტ-ინფოს წევრებს შეჭრილიყვნენ ფესტივალის კერძო, დახურულ, ტერიტორიაზე, თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და გამოუსწორებელი ემოციური ტრავმა მიეყენებინათ მათთვის.
პოლიციამ არ გადაკეტა ფესტივალის ტერიტორიამდე მოსასვლელი გზა, რომ ხელი შეეშალა მოძალადე ჯგუფისთვის; პოლიციამ თავდამსხმელების მიმართ არ გამოიყენა პროპორციული ძალა.
ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები;
ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არც მაშინ, როდესაც 8 ივლისის ძალადობა დააანონსეს;
ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას.
ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.
იმედი გვაქვს, რომ ყველა ვისთვისაც ძალადობა მიუღებელია, ვისაც სურს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება დაგმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს და დააფიქსირებს სოლიდარობას." - წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.