The Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინა იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ აშშ-ის მხარდაჭერის შენარჩუნებას მიესალმება და შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე თანახმაა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია მზადაა ერთობლივი შეთანხმებების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. მისი თქმით, უკრაინისადმი აშშ-ის სტრატეგიული ინტერესი მათი მომავალში უსაფრთხოების მთავარი კომპონენტია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს იშვიათი წიაღისეულის მიწოდება ჯერ კიდევ ტრამპთან შეხვედრის დროს, ნოემბრის არჩევნების წინ შესთავაზა.
TWP-ის ცნობით, ტრამპისთვის განსაკუთრებით საინტერესო უკრაინის ლითიუმის პერსპექტიული მარაგია, რომელიც მიკროჩიპებისა და ელექტრო მანქანების ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ტრამპის სურვილს ეგოისტური და ეგოცენტრული უწოდა. ის მიიჩნევს, რომ უკრაინას ეს წიაღისეული ომის შემდეგ ეკონომიკის აღსადგენად დასჭირდება.
ტრამპს სურს, რომ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან იშვიათი ლითონები - ლითიუმი, ურანი და ტიტანი მიიღოს.
მისი თქმით, მსგავსი გარიგება სურთ, რათა უკრაინის მხრიდან გათანაბრდეს ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაწეული თითქმის 300 მილიარდი დოლარის დახმარება.
უკრაინის ხელისუფლება ტრამპის განცხადებას ოფიციალურად არ გამოხმაურებია.