TI: სულხან თამაზაშვილმა ქობულეთში უკანონოდ დაიკავა 2.887 კვ.მ მიწის ნაკვეთი და სახლი აიშენა

TI: სულხან თამაზაშვილმა ქობულეთში უკანონოდ დაიკავა 2.887 კვ.მ მიწის ნაკვეთი და სახლი აიშენა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) განცხადებით, ქართული ოცნების აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2,887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი (სურათზე: ნაკვეთი #3) და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი.

1 - თამაზაშვილების 2017 წელს რეგისტრირებული საკუთრება

2 - თამაზაშვილების 2019 წელს რეგისტრირებული საკუთრება

3 - დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილების სახლი დგას

4 - სახელმწიფო საკუთრება

"სულხან თამაზაშვილმა სოფელ ქვედა სამებაში მდებარე ერთი - 2,500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ შენობა-ნაგებობა (სურათზე: ნაკვეთი #1) თანასაკუთრებაში 2017 წლის 12 ოქტომბერს დაირეგისტრირა, თუმცა ამის შესახებ 2017, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ მიუთითა. როგორც Google Earth-ის ორთოფოტოდან ჩანს, ამ ნაკვეთზე მდგარი ძველი სახლი, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ დაანგრიეს.

თამაზაშვილმა 2020 და 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში, ასევე არ ასახა 2019 წლის 7 მაისს მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ქვედა სამებაში მდებარე მეორე - 2,498 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სურათზე: ნაკვეთი #2).

სულხან თამაზაშვილმა მიწის ეს ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ 2022, 2023, და 2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახა, მაგრამ 25%-იანი წილის ნაცვლად შეცდომით მიუთითა 50%. სწორედ ამ ორი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილმა განახორციელა უკანონო მშენებლობა", - ვკითხულობთ TI-ის ინფორმაციაში.

ქართული ოცნების აჭარის მთავრობის პრესსამსახურში TI-ის განცხადების პასუხად ამბობენ, რომ სულხან თამაზაშვილის ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობდა და ცხოვრობს უკვე დაახლოებით ხუთი თაობის განმავლობაში.

მათი თქმით, საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 1990-იან წლებში აშენდა და მამის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო სამ შვილს საკუთრებაში 25-25%-იანი წილები აქვთ.

ასევე ირწმუნებიან, რომ სახლი არარეგისტრირებულ მიწაზე არ მდებარეობს - მიწა სრულად არის დარეგისტრირებული სახელმწიფო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.