საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარმოადგინა კორუფციის რუკის განახლებული ვერსია, სადაც თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიებია დატანილი, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
TI-ს ცნობით, ამ თანხის თითქმის მესამედი - მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი მათ მხოლოდ 2024 წელს დაერიცხათ.
დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.
რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:
"კორუფციის რუკაზე არიან პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ "ფეოდალებად": ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ასევე ყოფილ დეპუტატებს - იოსებ მაკრახიძეს, ენზელ მკოიანს, ჯუმბერ იზორიას, სერგო ხაბულიანს. აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები. მათ შორის, სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა, ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი საკრებულოების წევრები და მერიების სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები. რუკაზე მოხვდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, დოკუმენტში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც პირადად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან და სხვადასხვა კლანურ დაჯგუფებებთან.
ამ კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში", - ამბობენ TI-ში.
სრული რუკა ნახეთ აქ.