TI: ივანიშვილს კანონი ქონების დეკლარირებისგან არ ათავისუფლებს

TI: ივანიშვილს კანონი ქონების დეკლარირებისგან არ ათავისუფლებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ განცხადებას, სადაც მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან პარლამენტის წევრის სტატუსით ის თანამდებობაზე 2 თვეზე ნაკლები დროით იმყოფებოდა.

ორგანიზაციის განცხადებით, კანონმდებლობა გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის გულისხმობს, როდესაც პირი დროებით ასრულებს იმავე დაწესებულებაში თანამდებობის მოვალეობას. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, ის არჩეული დეპუტატი იყო და არ შეიძლებოდა ამ გამონაკლისის გამოყენება.

„ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავს ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რაჟდენ კუპრაშვილს, ბიძინა ივანიშვილს დეკლარაციის შევსება მოსთხოვოს და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულება სასამართლოს გზით შეასრულებინოს.