TI-ის იურისტი: სამსახურის დატოვების მუქარა დაადოკუმენტირეთ, განცხადება არ დაწეროთ

TI-ის იურისტი: სამსახურის დატოვების მუქარა დაადოკუმენტირეთ, განცხადება არ დაწეროთ

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი თეო ზაქარაშვილი იმ საჯარო მოხელეებს მიმართავს, რომლებიც ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას გაემიჯნენ.

ზაქარაშვილი საჯარო მოხელეებს რამდენიმე საშუალებას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ მათი განცხადებების გამო სამსახურის დატოვებას აიძულებენ.

"საჯარო მოხელეებო, თუ თქვენი განცხადებების გამო ვინმე სამსახურიდან წასვლას გაიძულებთ:

1. არ დაწეროთ საკუთარი ნებით განცხადება, ეს მხოლოდ აიოლებს თქვენს გაგდებას;

2. ასეთი მუქარა როგორმე დაადოკუმენტირეთ, ბევრი ხერხია - თქვენ აარჩიეთ, რომელი გიჯობთ და მოგიხერხდებათ;

3. მუქარაზე, მინიმუმ, სახალხო დამცველს მიმართეთ განცხადებით. ბევრი სხვა საშუალება არ მუშაობს, სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტების კარგი თანამშრომლების იმედი მაქვს და ღირს აქ განცხადების გაგზავნა;

4. დაგვირეკეთ და გვითხარით ამის შესახებ არასამთავრობოებს (კიდევ უფრო მეტად ინდივიდუალურად დავგეგმავთ, რით დაგეხმაროთ);

5. თუ გეტყვიან, რომ სამსახურში აღარ გამოცხადდეთ, რადგან გაგიშვეს, მოითხოვეთ გათავისუფლების ბრძანების ჩაბარება. თუ არ გაბარებენ, ჩვეულებრივ გამოცხადდით სამსახურში. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ გამოუცხადებლობის საბაბით გაგაგდონ.

6. თუ გათავისუფლების ბრძანება ჩაგბარდათ, მიმართეთ იურისტს ( ჩვენ და სხვა არასამთავრობოებს) და ინდივიდუალურად გადაწყდება, რა სამართლებრივი გზების გამოყენება ჯობს.

7. ეს ყველა, რაც ზემოთ წერია, მათი მხრიდან უკანონო ქმედებებია, თუმცა საჭიროებს სწორ სამართლებრივ რეაგირებას. ამიტომ ჯობს, ვიმოქმედოთ. მადლობა ყველა თქვენგანს, სწორია ახლა არგაჩუმება", - წერია განცხადებაში.

***

არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები ერთობლი განცხადებას აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ მზად არიან უფასო იურიდიული დახმარება გაუწიონ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა იმ საჯარო მოხელეების მიმართ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, რომლებიც საკუთარ პოზიციას გამოხატავენ და ემიჯნებიან ქართული ოცნების არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს.

"გამოვხატავთ მზაობას უფასო იურიდიულ დახმარება გავუწიოთ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის, სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.