
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) განცხადებით, დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე ქართული ოცნება ურთიერთობას არადემოკრატიულ რეჟიმებთან აძლიერებს, მათ შორის, ჩინეთთან.
განცხადებაში აღნიშნულია მიმართულებები, სადაც ჩინური გავლენები იზრდება.
გამჭვირვალობის თანახმად:
"ჩინეთი ქართული ოცნებას პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობს და მას "მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების" პოლიტიკის განმახორციელებლად წარმოაჩენს, ხოლო ქართველი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად ასახელებენ ჩინეთს, როგორც ძლიერ პარტნიორს და დასავლეთის ალტერნატივას. მაგალითად, 2024 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეაქო ჩინეთი, როგორც "სახელმწიფო მოდერნიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი" და აღნიშნა, რომ ჩინეთი პოზიტიურ მაგალითს აძლევს სხვა გლობალურ ძალებს.
პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობა უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ დაჩქარდა. ორივე ქვეყანამ გააფართოვა პირდაპირი ფრენები, რამაც ჩინელი ტურისტების შესამჩნევი ზრდა და საქართველოში ჩინეთის ბიზნეს აქტივობის ზრდა გამოიწვია. საქართველო თანამშრომლობს ისეთ ჩინურ კომპანიებთან, რომლებსაც აშშ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქვამს. ქვეყანა ასევე აქტიურად იყენებს ჩინურ სათვალთვალო ტექნოლოგიას. გარდა ამისა, ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკები აქტიურად მუშაობენ კავშირების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით მონეტარული პოლიტიკის თანამშრომლობის კუთხით და შესაძლოა, ჩინეთის გადახდის სისტემები შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. სულ ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ ჩინური ენის სასკოლო სასწავლო გეგმაში დანერგვის შესახებ განაცხადა", - წერია განცხადებაში.