საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ინფორმაციით, 3 თვის განმავლობაში პარტიული შეწირულობების ნახევარი ქართულმა ოცნებამ მიიღო. ორგანიზაციამ 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პოლიტიკური შეწირულობების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი წარადგინა.
დოკუმენტის თანახმად, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების ჯამი 2 მილიონზე ნაკლები იყო; პარტიული შეწირულებების 50% ქართულმა ოცნებამ მიიღო - ეს 961 176 ლარია. მეორე ადგილზეა პარტია ლელოა - 464 990 ლარით, მესამეზე კი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 302 682 ლარის შეწირულობა მიიღო.
"ქართულმა ოცნებამ ერთ მილიონამდე შემოწირულება მიიღო, რაც სხვა პარტიებზე მეტია, თუმცა არ არის იმ ოდენობის, როგორც ჩვეულებრივ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების წლების ანალოგიურ პერიოდებში იღებდა. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებენ მრავალმილიონიანი ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები, დონორები, რომლებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც მიიღეს საბიუჯეტო სუბსიდიები, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები და სახელმწიფო უძრავი ქონება პრივატიზაციის გზით", - ამბობენ ორგანიზაციაში.
ქართული ოცნების და ხალხის ძალის შემომწირველთა მიმოხილვა
2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით ქართულ ოცნებას 31-მა დონორმა ჯამში 961 176 ლარი შესწირა, ამ პირებს სულ ქართული ოცნების სასარგებლოდ 2.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. 31 შემომწირველთან დაკავშირებული 2 კომპანია იყო ისეთი, რომლებმაც 2024 წლის განმავლობაში ტენდერები მოიგო. ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 81 მილიონი ლარი იყო (სულ ამ კომპანიებს 2013 წლიდან 294 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული). პარტიამ ხალხის ძალა პირველად მიიღო შემოწირულება. მას ორმა პირმა ჯამურად 96 000 ლარი შესწირა, მათ შორისაა პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე (მან პარტიას 38,000 ლარი შესწირა). ამავე პერიოდში ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ 138 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო.
სერგო ხაბულიანმა 4 აპრილს 10 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას. მას მარტშიც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 40 000 ლარი შეწირული და ამიტომ მასზე გასულ კვარტალურ ბიულეტენშიც ვწერდით. ბიულეტენის გამოქვეყნების შემდეგ მისმა კომპანიამ ცეკური კიდევ ორი ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით 14.8 მილიონი ლარი; ხოლო, წლის დასაწყისიდან კომპანიას 79 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. 2013 წლიდან ამ კომპანიას 294 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული. 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია ცეკურმა ქართული ოცნებას 448 000 ლარი შესწირეს.
ვიქტორ ჯაფარიძემ პარტია „ხალხის ძალას“ აპრილში და მაისში 38,000 ლარი შესწირა. ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს „სეტი+“-მა წლის დასაწყისიდან 16 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულებაც 138,514 ლარი იყო.
გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა, ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულ 6 კომპანიას 2021-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში სუბსიდიები ჰქონდა მიღებული.