Reuters: ტრამპი მზადაა, კიევთან ბუნებრივი წიაღისეულის გამარტივებული შეთანხმება დადოს

Reuters: ტრამპი მზადაა, კიევთან ბუნებრივი წიაღისეულის გამარტივებული შეთანხმება დადოს

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპი მზად არის, კიევთან ბუნებრივი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება დადოს და ახლა ის ამ დოკუმენტის "გამარტივებულ" ვერსიას განიხილავს.

გამოცემა წერს, რომ "გამარტივებულ" ვერსიაში არ იქნება შეტანილი კონკრეტული რიცხვები და აღნიშნული იქნება მხოლოდ მხარეების სურვილი თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას ზელენსკიმ უარი განაცხადა, ხელი მოეწერა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე, რომელიც, ითვალისწინებდა უკრაინის რესურსების მოპოვების შედეგად მიღებული მოგების 50%-ის კონტროლს აშშ-ის მხრიდან.

საუბარია მრეწველობისთვის მნიშვნელოვან ლითონებზე, ტიტანსა და ლითიუმზე, ასევე იშვიათი მიწის ლითონებსა და ურანზე.

Reuters წერს, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, რომელიც კიევში იმყოფებოდა, ვერ დაარწმუნა ზელენსკი, ხელი მოეწერა დოკუმენტზე. უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს უკრაინისთვის სასარგებლოდ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ იქ არ არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

Reuters წერს, რომ ზელენსკი ახლაც მზად არის, ხელი მოაწეროს წიაღისეულზე შეთანხმებას, მაგრამ ის არ უნდა იყოს ასეთი "მტაცებლური".

გამოცემის თანახმად, ზელენსკის ამ გადაწყვეტილებამ თეთრ სახლში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს უკრაინასთან შეთანხმება იქამდე, სანამ არ დასრულდება სამშვიდობო მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის შუამავლობით.

როგორც Reuters აღნიშნავს, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია თვლიან, რომ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რათა აშშ-ს დაუბრუნდეს სახსრები, რომლებიც უკრაინისთვის გაიღო ომის დროს.

დონალდ ტრამპის წარმომადგენელი კიტ კელონგი ამ კვირაში იმყოფება კიევში, რათა განიხილოს დოკუმენტის კრიტერიუმები და შეუთანხმდეს, რა სჭირდება უკრაინას ხელმოწერის სანაცვლოდ.

ზელენსკიმ თქვა, რომ ის ხუთშაბათს შეხვდება კელონგს და აღნიშნა, რომ მათთვის გადამწყვეტია "ეს შეხვედრა და აშშ-სთან თანამშრომლობა კონსტრუქციული იყოს".