Reuters: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების მესამე კოლონა შევიდა

Reuters: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების მესამე კოლონა შევიდა

Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის სექტორში რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ჰუმანიტარული დახმარების მესამე კოლონა შევიდა. მედია ამას სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს.

ღაზის სექტროში მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება პირველად ორი დღის წინ მიიღო - 21 ოქტომბერს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო მანქანა შევიდა. დღეს კი რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი კიდევ 14-მა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა. ღაზის სექტორის მოსახლეობას საკვები და მედიკამენტები ეგვიპტესთან სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ მიეწოდება.

ისრაელის პრემიერმინისტრმა პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ღაზაში უწყვეტი იქნება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

***

21 ოქტომბერს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

ისრაელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა.