Reuters ადასტურებს, რომ სამხრეთ ლიბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოცემის ახალი ამბების ოპერატორი დაიღუპა.
"ჩვენ ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი ოპერატორი მოკლეს. ვცდილობთ, მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია, ვმუშაობთ რეგიონის ხელისუფლებასთან და მისი ოჯახისა და კოლეგების გვერდით ვართ", - წერს გამოცემა.
მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Reuters-ის ოპერატორი ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა Al Jazeera-ს ორი ჟურნალისტი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.