RS: მთავრობის განცხადება მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებაზე ევროინტეგრაციის შეჩერებაა

RS: მთავრობის განცხადება მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებაზე ევროინტეგრაციის შეჩერებაა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები არიან.

მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

„ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, ათწლეულების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული სტატუსის მინიჭება მოჰყვა.

საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ათწლეულების განმავლობაში, ვინაიდან მოლაპარაკების გახსნიდან წევრად ქცევამდე ეტაპი ცალკე აღებული, თავისთავად ხანგრძლივი პროცესია და ამავდროულად, ევროკავშირის წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის სურვილზე, საჭიროებს, თავად ევროკავშირის შიგნით შესაბამისი პოლიტიკური სურვილისა და მზაობის არსებობას.

ჩვენ, შემოსავლების სამსახურის მოქმედი საჯარო მოხელეები ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები", - წერია განცხადებაში.