ბრიუსელში ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია Promote Georgia პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოსა და მისი მოკავშირეების სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ორგანიზაცია ევროკომისიის პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიმართავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია სანქცირების მოთხოვნის მიზეზად მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობებს ასახელებს, მათ შორის, 2023 წლის 8 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლას. ორგანიზაციის შეფასებით, სანქცირება იქნება ნაბიჯი, რათა ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მსურველი ქვეყნისთვის.
ორგანიზაცია წერილში აღნიშნავს, რომ კრემლისტური პროპაგანდის გამავრცელებელი მოძალადეები და მათი ოჯახის წევრები არდადაგებს ევროპაში ატარებენ, ცდილობენ, შვილებს დასავლეთის უნივერესიტეტებში ასწავლონ და სურვილი აქვთ, ისარგებლონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობებით და სიკეთეებით. ორგანიზაციის თქმით, მათ ამის საშუალება არ უნდა ჰქონდეთ.
"ღრმა შეშფოთებით ვწერთ ამ წერილს, რომელიც კიდევ ერთ ძალადობრივ თავდასხმას ეხება, რომელიც განხორციელდა LGBTQI+ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც Tbilisi Pride-ის ფესტივალზე იმყოფებოდნენ. 2023 წლის 8 ივლისს საქართველოს დედაქალაქში უნდა გამართულიყო Tbilisi Pride-ის დახურული ღონისძიება, თუმცა ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ, გაეუქმებინათ ფესტივალი და ფესტივალის ტერიტორიაზე გამოცხადდა ევაკუაცია ულტრამემარჯვენე მომიტინგეების მიერ კორდონის გარღვევის შემდეგ. 2021 წლის 5 ივლისის, 2018 წლის 17 მაისისა და 2017 წლის 17 მაისის მსგავსად, ძალადობა იყო ღია და განზრახ მიმართული საზოგადოების მიმართ. 2023 წლის 8 ივლისის მოვლენები კიდევ ერთი სამწუხარო დადასტურებაა იმის, რომ უმცირესობათა ძირითადი უფლებები საქართველოში არ არის დაცული, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ძალადობა წახალისებულია და არ ისჯება.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მიუხედავად ორგანიზატორების მხრიდან წინასწარი კომუნიკაციისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გასცა გარანტია Tbilisi Pride-ის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე. ქართველი ხალხი ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ჩვენი ღირებულებები და პრინციპები ისტორიულად დაფუძნებულია ღიაობასა და შემწყნარებლობაზე.
2023 წლის 8 ივლისს, ისევე როგორც 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი, ჰომოფობიური აქცია მოძრაობა ალტ-ინფომ და მისმა მხარდამჭერებმა დააორგანიზეს. მათი ძალადობრივი რიტორიკა და ორგანიზებული თავდასხმები ხდება არა მხოლოდ LGBTQI+ აქტივისტებზე, არამედ ახალგაზრდულ ბანაკებსა და ოპოზიციის ლიდერებზეც. [...] ამ მოტივით, მოგიწოდებთ თქვენ, მიიღოთ სწრაფი ზომები და შემოიღოთ მიზანმიმართული სანქციები მოძრაობა ალტ-ინფოსა და მისი მოკავშირეების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა ალტ-ინფოს წევრები ქართველ ხალხს ანტიდასავლურ, კრემლის პროპაგანდას უზიარებენ, ლიდერებსა და მათ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, გაატარონ არდადეგები ევროპაში, ისწავლონ დასავლეთის უნივერსიტეტებსა და ისარგებლონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობით. [...] ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ნაბიჯი იქნება გასაღები გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, LGBTQI+ აქტივისტების უფლებების დასაცავად და ამით უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები საქართველოში, რომელიც მსურველია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია ითხოვს, სანქციები დაუწესდეთ ალტ-ინფოს ლიდერებს: კონსტანტინე მორგოშიას, გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს, ირაკლი მორგოშიას, გიორგი მორგოშიას, ემრე ქუჩუკს, ჯაბა ჟვანიას, გიორგი გოგიას, ბექა ვარდოსანიძეს, ალექსანდრე ფალავანდიშვილს და სხვა წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 2023 წლის 8 ივლისის ძალადობაში. ამასთან, ორგანიზაცია ითხოვს დასანქცირდნენ 2023 წლის 8 ივლისის ძალადობაში მონაწილე ვატო შაქარაშვილი, რამაზ გაგნიძე, ჯონდი ბაღათურია.