Politico: ბლინკენმა დეპუტატები გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანი, შესაძლოა, სომხეთში შეიჭრას

Politico: ბლინკენმა დეპუტატები გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანი, შესაძლოა, სომხეთში შეიჭრას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დეპუტატები, მათ შორის ნენსი პელოსი და ფრენკ პალონი გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში, შესაძლოა, აზერბაიჯანი სომხეთში შეიჭრას. ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემის თანახმად, 3 ოქტომბერს შემდგარ საუბარში ბლინკენმა კანონმდებლებთან ერთად აზერბაიჯანის წინააღმდეგ შესაძლო ზომები განიხილა. Politico წერს, რომ ეს მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყებასა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ რეგიონის დატოვებაზე საპასუხო ნაბიჯი იქნება.

როგორც Politico წერს, ბლინკენმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დაეკისროს. მისი განცხადებით, არ აპირებენ განაახლოს აშშ-ის მიერ ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობა.

აქვე გამოცემა მიუთითებს, რომ ბლინკენმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების გაგრძელების იმედიც გამოთქვა.

მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ ხაზი გაუსმა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის "პირდაპირი მოლაპარაკებების გზით" გადაჭრის მიმართ ერთგულებას.

საუბრიდან რამდენიმე დღეში დეპუტატმა პალონმა დაწერა, რომ შიშობს, აზერბაიჯანი სომხეთში მალე შეიჭრება.

"ალიევი წინ მიიწევს თავისი მიზნისკენ, დაიკავოს სამხრეთ სომხეთი", - დაწერა მან.

მთიანი ყარაბაღ ორ ქვეყანას შორის არსებული ერთადერთი ტერიტორიული დავა არ არის. 2021 წელს ალიევი დაიმუქრა, რომ სომხეთის სურვილის მიუხედავად, ზანგეზურის დერეფანს გაიყვანდნენ. საუბარია სატრანსპორტო მარშრუტზე, რომელიც სამხრეთ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დააკავშირებს.

"სომხეთში ეს აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზიები და მოთხოვნა ექსტრატერიტორიული დერეფნის შესახებ", - თქვა ოთხშაბათს სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშიანიანმა.

Politico-ს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ალიევის მრჩეველზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანი სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას უარყოფს. როგორც ის ამბობს, კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან ბოლო ორი კვირა იყო ყველაზე მშვიდი კვირები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ისტორიაში.

"აზერბაიჯანმა აღადგინა ის, რაც ლეგალურად, ისტორიულად და მორალურად ჩვენი იყო", - განაცხადა მან.

***

19 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რეგიონი 100 000-ზე მეტმა ეთნიკურად სომეხმა დატოვა.

20 სექტემბერს ბლინკენმა აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებზე ღრმა შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ "დავების გადასაჭრელად ძალის გამოყენება მიუღებელია".

საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბაქომ პროსომხური ძალები ტერორისტულ თავდასხმებსა და აზერბაიჯანული პოზიციების რეგულარულ დაბომბვაში დაადანაშაულა. ერთი დღის შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა.

ასევე, დააკავეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. "განკარგულებას" ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.