ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დაჟინებით ითხოვენ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისიდან დაიწყოს. ამის შესახებ Politico 5 წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემასთან წყაროები ამბობენ, რომ უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ "კულისებში" და ცდილობენ დაარწმუნონ უნგრეთი, მისცეს თანხმობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
როგორც Politico მიუთითებს, მოლაპარაკებების დაწყება ხელს შეუწყობს უკრაინას, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას და დიდი ხანია ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას.
გასული წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ სამიტს გადაწყვეტილი ჰქონდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა ოფიციალური იურიდიული პროცედურა უნგრეთის პოზიციის გამო დროებით შეჩერდა.
Politico მიუთითებს, რომ სირთულეები უკრაინისა და უნგრეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუდაპეშტმა კიევი დასავლეთ უკრაინაში უნგრელი ეთნიკური უმცირესობის ჩაგვრაში დაადანაშაულა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, გამოცემა წერს, რომ "ბრიუსელიც და კიევიც ბუდაპეშტთან ინტენსიურ ორმხრივ დიპლომატიას აწარმოებენ".
Politico აღნიშნავს, რომ აპრილში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ "მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიალოგის დადებით დინამიკას".
ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა ივარაუდა, რომ უნგრეთს შესაძლოა სურდეს უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თავიდან აცილება იქამდე, სანამ უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს 6-თვიანი როტაციული თავმჯდომარე გახდება.
უკრაინა და მისი მხარდამჭერები ევროკავშირში ითხოვენ, რომ მთავრობათაშორისი კონფერენცია ბრიუსელსა და კიევს შორის იქამდე ჩატარდეს, ვიდრე უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს როტაციულ თავმჯდომარეობას დაიკავებს. ეს პირველ ივლისს მოხდება.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს გააკეთა და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ოთხი თვის შემდეგ - 23 ივნისს მიენიჭა. მას შემდეგ, რაც EU-ის ლიდერებმა კიევს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადეს, შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში იქნება ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციის მეშვეობით, რაც წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ნიშნავს.
იმისათვის, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს, ევროკავშირში უნდა შეთანხმდნენ ე.წ. მოლაპარაკებების ჩარჩოზე. Politico წერს, რომ 27 ქვეყანა ამ დოკუმენტზე "ვაჭრობდა" მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მარტში გადაუგზავნა დოკუმენტი მათ. ორი დიპლომატი ამბობს, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე "კარგად მიდის" და ელიან, რომ ახალი პროექტის დოკუმენტი EU-ის ელჩებს უახლოეს კვირებში გაეგზავნებათ, რათა მათ შეძლონ გადაჭრან ყველაზე მწვავე საკითხები.