
გამოცემა POLITICO-ს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც POLITICO წერს, სამიტი გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ინიციატივით გაიმართება.
გამოცემას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სამიტის მონაწილეები რუსეთზე ზეწოლის გაზრდის შესაძლებლობაზე, ასევე, რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების საკითხზე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმსჯელებენ.
POLITICO-ს თანახმად, ფრიდრიხ მერცი და სხვა ევროპელი ლიდერები მოითხოვენ, რომ ჯერ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, შემდეგ კი დაიწყოს მსჯელობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და მოსკოვ-კიევს შორის ტერიტორიების გაცვლაზე.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ დაგეგმილ ერთსაათიან დისკუსიას ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის ლიდერები დაესწრებიან, ასევე, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
რაც შეეხება აშშ-ს, ქვეყნის წარმომადგენელი პრეზიდენტ დონალდ ტრამპმთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იქნება.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს ალასკაში დაგეგმილ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც უნდა იყოს ჩართული.