საქართველოს პროკურატურის ცნობით, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო - მათ 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი მონაზონს თავს დაესხა. ბრალდებულებმა დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, ეკლესიიდან შესაწირი ყუთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - ამბობენ უწყებაში.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ.