
საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
მას სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ.ჯ.-ს და გ.ჩ.-ს. სროლის დროს ასევე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლ.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადნილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლოს საქმეზე გამოძიება გრძელდება.
15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
სროლის დროს ჯანგველაძის თანმხლები პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.
ფორმულას მიერ მოპოვებული კადრებით ირკვევა, რომ დამნაშავე ჯანგველაძესა და მასთან ერთად მყოფ პირს ჭავჭავაძის გამზირზე ელოდებოდა, შემდეგ აედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან, დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა.