PACE-ის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას რუსულ კანონზე მოსაზრების მომზადება სთხოვა

PACE-ის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას რუსულ კანონზე მოსაზრების მომზადება სთხოვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას რუსული კანონზე დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.

"ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან", - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

***

15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. განხილვის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობდა.

19:00 საათიდან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 14 ადამიანი დააკავეს.

ადგილზე ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.