OSCE/ODIHR-მა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა

OSCE/ODIHR-მა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები შემაშფოთებელ ფონზე მიმდინარეობდა.

ამასთან, დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე. მათივე ცნობით, არჩევნები OSCE/ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულა.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობასა და შედეგების აღიარებას, ეუთოს განცხადებით, ეს მათი მანდატი არ არის.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არჩევნები ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შეშფოთებების ფონზე, რაც ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას.

"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. არჩევნები ჩატარდა ახლად მიღებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების და ამომრჩევლებზე ზეწოლის სერიოზული შეშფოთებების ფონზე, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას. არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას, ODIHR-მა დაადგინა, რომ ქეისები არასაკმარისად განიხილებოდა, რაც ზღუდავდა სამართლებრივ საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა და მრავალი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის კუთხით.

"ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღნიშნული მრავალი საკითხი უარყოფითად აისახა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და შეამცირა საზოგადოებრივი ნდობა პროცესის მიმართ", – განაცხადა ODIHR-ის 2024 წლის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ეოგან მერფიმ.

მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმარის საფუძველს, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო დროს ხშირი ცვლილებები უკუსვლას წარმოადგენს, რაც იწვევს შეშფოთებას მათი პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების შესახებ, და კვლავ აღნიშნავს ODIHR-ის ხანგრძლივ რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვის ჩატარების შესახებ.

დღევანდელი ანგარიში კიდევ ერთხელ აღნიშნავს პოლარიზებული და ინსტრუმენტალიზებული მედიის უარყოფით გავლენას და საარჩევნო კამპანიის ფინანსური ზედამხედველობის შეზღუდვას, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს, ზოგადად, ჰქონდათ თავისუფალი კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა და 18 პარტიული სიის კანდიდატები მონაწილეობდნენ დაბალი აქტიურობის კამპანიაში. მმართველი პარტიის მრავალი უპირატესობა და ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი არათანაბარ პირობებს ქმნიდა.

არჩევნებისთვის მზადება კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა საარჩევნო დღეს ხმის ფარულობის ხშირი დარღვევა, რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობა და ზეწოლისა და დაშინების შემთხვევები, მათ შორის პროცესის ჩაწერის გზით, უარყოფითად აისახა საზოგადოებრივ ნდობაზე პროცესის მიმართ და ზოგადად პროცედურულად მოწესრიგებულ საარჩევნო დღეზე.

დღევანდელი ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საჩივრები, როგორც არჩევნებამდე, ასევე მის შემდეგ, ხშირად არასრულად განიხილებოდა და ტექნიკური მიზეზებით უარყოფილ იქნა, რაც ზღუდავდა პრობლემების სათანადო განხილვის უფლებას. შესაბამისად, ODIHR რეკომენდაციას უწევს ზომების მიღებას ეფექტური სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი ნდობის გასაზრდელად. არჩევნების შემდეგ, მასობრივი პროტესტები არაერთხელ ძალადობრივად დაიშალა და მრავალი დაპატიმრება და ბრალდებები გამოიწვია დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შესახებ, რაც არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს შეკრების თავისუფლების, ასევე წამებისგან და სხვა არასათანადო მოპყრობისგან თავისუფლების უფლებების დაცვის კუთხით.

ჩვენი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების აღიარებას ან ცნობას, ამის ნაცვლად ODIHR უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას საარჩევნო პროცესის შესახებ უნივერსალურ პრინციპებზე, საერთაშორისო ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ყველა ეუთოს სახელმწიფომ აიღო. ეს საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, თავად შეაფასონ არჩევნების ხარისხი. ოფისი ასევე მზად არის მხარი დაუჭიროს საარჩევნო პროცესის მონაწილეებს ამ საკითხების მოგვარებაში არჩევნების შემდგომი დიალოგისა და კონკრეტული ქმედებების გზით.

დღევანდელი ანგარიში მოიცავს რამდენიმე რეკომენდაციას არჩევნების ჩატარების გაუმჯობესების მიზნით. ეს მოითხოვს ცვლილებებს როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივი ნდობა და ამომრჩევლებს ჰქონდეთ შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა, ასევე საქართველოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის გასაზრდელად ყველა მოქალაქის სასარგებლოდ", - ვკითხულობთ ანგარიშში.