გამოცემა The New York Times-ის განცხადებით, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება, პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაცია დაიწყოს.
"თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული იქნება, კრემლმა, შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს", - წერს გამოცემა.
ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევის მიზანი რუსული არმიის შემდგომი დასუსტება უნდა იყოს. ამასთან, წელს, რუსეთის ჯარებმა უკვე განიცადეს დიდი სამხედრო დანაკარგი ბახმუტისთვის გამართულ ბრძოლებში.
ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, შესაძლოა, ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს. მათი თქმით, ჯარისკაცების უზარმაზარმა დანაკარგმა, შესაძლოა, აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, გამოაცხადოს უფრო მასშტაბური სამხედრო მობილიზაციის დაწყება.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს, სადაც კონტრშეტევის საწყისი ეტაპი მიმდინარეობს. ამასთან, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.