ამერიკული გამოცემა The New York Times სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ თვეში შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდეს, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნება. კერძოდ, საუბარია საარტილერიო ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზე, რომელთა საპასუხოდ ფხენიანი პუტინისგან სატელიტებისა და ბირთვული წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგიას მიიღებს.
გამოცემა იუწყება, რომ დიდი ალბათობით, კიმ ჩენ ინი რუსეთში ჯავშნოსანი მატარებლით ჩავა, სადაც ჯერ ვლადივოსტოკს ეწვევა, ხოლო შემდეგ შესაძლოა მოლაპარაკებები მოსკოვშიც გაგრძელდეს.
ჯერ კიდევ გასულ თვეს რუსეთმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავდა.
"რატომაც არა, ისინი ჩვენი მეზობლები არიან. არსებობს ძველი რუსული გამონათქვამი: შენ არ ირჩევ შენს მეზობლებს, ამიტომ ჯობს მეზობლებთან იცხოვრო მშვიდობიანად და ჰარმონიაში", - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო "Interfax" რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს.