23 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, პოლიციამ სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე.
2-3 ივნისის ღამეს პოლიცია აქციის მონაწილეებს ბანერების გამო აკავებდა. დაკავებულთა შორის არიან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი - შოთა თუთბერიძე (ამჟამად გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი, აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები.
"შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და, ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია განცხადებაში.
NGO-ები მოუწოდებენ შსს-ს, გაათავისუფლონ დაკავებულები; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვენ, შეისწავლოს უკანონო დაკავებებისა და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები; სახალხო დამცველმა იმოქმედოს მანდატის ფარგლებში და განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე; ამასთან, ადვოკატთა ასოციაცია გამოეხმაუროს ადვოკატების დაკავებებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები: