NGO-ები: საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია

NGO-ები: საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მიმდინარე მოვლენებისა და საჯარო მოხელეების პროტესტის ფონზე, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლებისთვის, არამედ - ნებისმიერი საჯარო მოსამსახურისთვის.

ისინი ეხმაურებიან ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც პირველი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიუროს "ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით" გაუქმება დააანონსა.

ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ქართული ოცნების დევნის მსხვერპლი ხდება განსხვავებული მოსაზრების გამო და გმობენ არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას.

ორგანიზაციების თქმით, ბოლო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიმართ მათივე პროტესტის საპასუხოდ დაწყებული რეპრესიების ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა, სწორედ იმ უწყების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რომლის პირდაპირი ფუნქციაა საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება.

"მიმდინარე მოვლენების და საჯარო მოსამსახურეების პროტესტის ფონზე, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია, არამხოლოდ, ბიუროს თანამშრომლებისთვის, არამედ - ნებისმიერი საჯარო მოსამსახურესთვის. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბიუროს ლიკვიდაცია დაგეგმილია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე. აქვე განმარტებულია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია გამოწვეულია მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით. თუმცა, არც საზოგადოებისთვის და არც ბიუროს თანამშრომლებისთვის მსგავსი შეფასების დოკუმენტი ცნობილი არ არის.

როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიმართ მათივე პროტესტის საპასუხოდ დაწყებული რეპრესიების ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა, სწორედ იმ უწყების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რომლის პირდაპირი ფუნქციაა საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება და დამკვიდრება, და რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

უკიდურესად შემაშფოთებელია არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილება. მან არამხოლოდ საზოგადოებისთვის დახურა კარი და გადადგა ნაბიჯები ყოველგვარი რაციონალური ანალიზის გარეშე, არამედ ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად იმ უწყებებსაც კი არ შეატყობინა, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული ქმედებები. ასეთი შემთხვევები არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გაგრძელება, რომელიც უკვე შეეხო მათ, როგორც ინდივიდუალურად, ისე, ინსტიტუციურად, და კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას დემოკრატიულ პროცესებსა და საჯარო მმართველობის პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე განხორციელებული რეპრესიის ყველა ფორმა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიმართ პირდაპირ არის დაკავშირებული მათ მიერ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით (იგულისხმება, როგორც “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, ისე, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები) დაფიქსირებულ კრიტიკულ პოზიციასთან, რის გამოც, 2024 წლის დეკემბერში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში, ხოლო 2024 წლის მიწურულისა და 2025 წლის დასაწყისში, აქტიურად დაიწყო მათი აღსრულება.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ დევნის მსხვერპლი ხდება განსხვავებული მოსაზრების გამო", - წერია ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: GYLA, ISFED, TI - Georgia, IDFI.