არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტის წინ, 19:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.
"სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი. თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა.
ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული “გამჭვირვალობა”, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა.
დღეს ხელისუფლება ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს და რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ განხილვას გეგმავს. ამიტომაც, ჩვენ, ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრები და მოქალაქეები:
ჩვენ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება და ვიმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და ქართველი ხალხის გაცხადებული ნების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.