NGO-ები: იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე, ცდილობს საკითხი შერბილებულად წარმოაჩინოს

NGO-ები: იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე, ცდილობს საკითხი შერბილებულად წარმოაჩინოს

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს, საკითხის შერბილებულად წარმოდგენას. ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ფონდში გამართულ ბრიფინგზე იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა.

ბურჯანაძის თქმით, ლევან იოსელიანმა დეტალურად უნდა იმაზე პასუხი, თუ რა რესურსი გამოიყენა წამების ფაქტების დოკუმენტირებისთვის, მოახდინა თუ არა ფოტოგადაღება, სტამბული პროტოკოლით დოკუმენტირება, გამოიყენა თუ არა თუ არა პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლების და ექსპერტების რესურსი ამ ტიპის ძალადობების გამოსავლენად.

"ეს უპრეცედენტო მასშტაბის არასათანადო მოპყრობის ფაქტების, წამების და არაადამიანური მოპყრობის შეფასება ლევან იოსელიანის მიერ ხდება იმგვარად, რომ თითქოს ეს იყო ერთეული შემთხვევები, თითქოს რაღაც ფაქტები არაა შესწავლილი და თითქოს, რაღაც საკითხების მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები.

ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მისი მხრიდან მისი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებაა, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციას და არც სხვა გარემოებებს.

28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა 362 პირი და ამათგან 227 პირი საუბრობდა რომ მათ მიმართ განხორციელდა ან წამება ან არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობა. მათგან 158 პირს ჰქონდა ხილული დაზიანებები. ეს უშუალოდ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა...

17 იანვარს ჩვენ ვნახეთ ლევან იოსელიანს განცხადება, რომელიც ამბობს იმას, რომ წამებას ის ვერ დაადგენს,, რომ ეს არის თითქოს სპეციალური საგამოძიებოს სამსახურის დასადგენი საკითხი. ამ ნაწილში მიგვაჩნია, რომ ეს არის არასწორი განცხადება, მისი მანდატის განზრახ შემცირების მცდელობა და მცდელობა იმისა, რომ არ მოხდეს ფაქტების ზუსტად მიწოდება საზოგადოებისთვის. ეს არის მცდელობა, რომ ჩადენილი დანაშაულები შემცირდეს, მისი წონა დაკნინდეს"- თქვა ბურჯანაძემ.