NGO-ები 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებენ

NGO-ები 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებენ. ანგარიშში ბოლო 2 დღეში განვითარებული მოვლენების გარდა აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით კი - 43 პირი დააკავა.

"12 იანვარს პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებები ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. სულ დღის მანძილზე დააკავეს 16 ადამიანი - 7 ბათუმში და 9 თბილისში. მათგან გამოუშვეს მხოლოდ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე, რადგან მათ დეპუტატის სტატუსი აქვთ, დანარჩენები გადაყვანილები არიან დროებით მოთავსების იზოლატორებში.

11 იანვარს ბათუმში ადმინისტრაციული წესით 10-ზე მეტი პირი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 1 პირი დააკავეს, ხოლო თბილისში კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 1 პირი.

სულ არჩევნების შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით - 43 პირი დააკავა".

10 და 11 იანვრის პროცესები თბილისში

  • 10 და 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯამში 19 ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის პროცესი ჩატარდა და მოსამართლეებმა ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვეს.

  • 10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა: ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩანიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუფაჩუკის, გიორგი ტერაშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები.

  • 11 იანვარს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა: ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეები.

NGO-ების განცხადებით, ორივე სხდომაზე პროკურორები გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა იყვნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროცესები მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევით ჩატარდა, კერძოდ:

  • პროკურატურის დაუსაბუთებელი პოზიციები: პროკურორებს პროცესებზე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. პროკურატურის პოზიციები შაბლონური იყო.

  • მიკერძოებული მოსამართლეები: ორივე სხდომაზე დაცვის მხარის მხრიდან დადგა შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების თაობაზე. დაცვის მხარის ადვოკატები ორივე შემთხვევაში მიუთითებდნენ მოსამართლის მიკერძოებულობაზე.

  • საჯაროობის პრინციპის შეზღუდვა: მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განჭვრეტადი იყო ამ პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე ის, რომ ერთ საქმედ 11 ბრალდებულის, ხოლო მეორე საქმეზე 8 ბრალდებულის საქმეები იყო გაერთიანებული, მოსამართლეებმა ორივე სხდომა პატარა დარბაზში ჩანიშნეს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ, ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ დარბაზი შეცვალა. ირაკლი ხუსკივაძემ უარი თქვა დარბაზის ცვლილებაზე, რის შედეგადაც სხდომაზე, ვერ შემოვიდნენ ზოგი ბრალდებულის ოჯახის წევრიცა კი.

  • დაცვის უფლების შეზღუდვა: მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე სხვა პროცესუალურ დარღვევებს დაემატა ასევე დაცვის უფლების შეზღუდვა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა, გამოიწვია ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული - 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და პროცესზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი სასწრაფოს გამოსაძახებლად იყო გასული, მოსამართლემ პროცესი არ შეაჩერა და მისი დასწრების გარეშე განაგრძო სხდომა. პროცესზე შესვენება მხოლოდ ადვოკატების დაჟინებული თხოვნით გამოცხადდა. საბოლოოდ, ადვოკატებმაც და ბრალდებულებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან ბრალდებულების სათანადო დაცვა უჟანგბადობის გამო შეუძლებელი გახდა. ხუთ ბრალდებულს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის ადვოკატები დაუნიშნეს. სავალდებულო დაცვის ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, მას არ მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და მოესმინა მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ისაუბრა ბათუმში მომხდარ ინციდენტზეც და თქვა, რომ დაკავებული 10-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტის ადვოკატები პოლიციელთა მხრიდან ძალის მიზანმიმართულ უკანონო გამოყენებაზე მიუთითებენ.

"საჯაროდ გავრცელებული კადრებისა და დაკავებულთა უფლებადამცველების განცხადებების შესაბამისად, ნათელია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან გრძელდება მათი უფლებების შელახვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. კერძოდ, საპოლიციო ძალების მხრიდან მიმდინარე დაკავებებს არ გააჩნდა რაიმე კანონიერი საფუძველი. პოლიციელები მოქალაქეებს აკავებდნენ მხოლოდ სტიკერების გაკვრისა და კითხვის დასმის გამო. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება დროულად მოენახულებინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. დაკავებულთა ნაწილი დაექვემდებარა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში", - თქვა ეკა გიგაურმა.

NGO-ების განცხადებაში საუბარია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის და რედაქტორის მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ რეპრესიულ ზომებზეც, კერძოდ:

"11 იანვარს ბათუმში, სხვებთან ერთად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, გათავისუფლებიდან მალევე იგი ხელახლა დააკავეს. ამ დროისთვის იგი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში და გამომძიებელთა თქმით, მას შესაძლოა 48 საათში წარუდგინონ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლით გათვალისწინებული პოლიციელზე თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ჟურნალისტი საუბრობს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე".

ამასთან, საუბარია 11 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შშმ პირთა უფლებადამცველია გია ჯვარშეიშვილის დაკავებაზეც.

"11 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავეს შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. მას რამდენიმე პოლიციელი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც პარლამენტის მიმართულებით ფეხით მიდიოდა. პოლიციელებმა იგი მიწაზე დააგდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო იგი სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. თუმცა, ამ დროისთვის იგი ჯერ კიდევ დაკავებულად მიიჩნევა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გია ჯვარშეიშვილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. პირველად პოლიცელებმა იგი 2 დეკემბერს დააკავეს. ძალადობის შედეგად ჯვარშეიშვილმა ტვინის შერყევა და ჩამტვრეული ნეკნები მიიღო".

ეკა გიგაურის თქმით, მზია ამაღლობელის დაკავების და მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ დროულად მოახდინა უცხოელი პარტნიორების ინფორმირება. მოკლე შეტყობინებები დაეგზავნათ 20-მდე ორგანიზაციას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

"ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ზომების მონიტორინგს და დროულად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში", - თქვა ეკა გიგაურმა.