NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად ერთხმად აღიარა, რუსეთის ტერორისტული რეჟიმი კი - რაშიზმად. ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იეგორ ჩერნევმა ისაუბრა.
მისივე განცხადებით, ასამბლეის სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს NATO-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალთან დაკავშირებით და ასევე, დახმარებას უკრაინას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.
გარდა ამისა, ჩერნევის თქმით, დოკუმენტი აღიარებს რუსეთის დანაშაულებს უკრაინის წინააღმდეგ როგორც გენოციდს, გმობს რაშიზმის იდეოლოგიას, მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სანქციებს და ასევე უკრაინის აღდგენის მარშალის გეგმას.
"ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე მივიღეთ უკიდურესად ძლიერი დეკლარაცია, რომელსაც ექნება პოლიტიკური შედეგები" - თქვა ჩერნევმა.