ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან წარმატებას აღწევენ.
ინსტიტუტის თანახმად, რამდენიმე რუსული წყარო ვარაუდობს, რომ უკრაინულმა ჯარებმა, შესაძლოა, ბახმუტში ვაგნერის ალყაში მოქცევა სცადონ. ამასთან, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები ბერხოვკას უახლოვდებიან. მისი თქმით, უკრაინა ახლა პოზიციებს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნიდან 500 მეტრში იკავებს.
"რუსი ბლოგერებიდან ბევრი ამტკიცებდა, რომ უკრაინის ქმედებები ბახმუტის გარშემო აღნიშნავდა მოსალოდნელი საგაზაფხულო კონტრშეტევის დაწყებას და ამასთან, ვარაუდობენ, თუ სად იქნება კონცენტრირებული თავდაცვის ძალების ძირითადი ძალისხმევა", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინულ ძალებს დაგეგმილი კონტრშეტევა ჯერ არ დაუწყიათ.