ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ბოლო შეტევებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსული ძალების პოზიციები.
"რუსულმა ძალებმა დიდი ძალისხმევა და რესურსი ჩადეს, ამასთან სამხედრო პერსონალის მობილიზება განახორციელეს რობოტინოსა და უროჟაინის შესანარჩუნებლად, თუმცა უკრაინის ბოლო წარმატებები ამ რაიონებში რუსული თავდაცვის დეგრადაციის მაჩვენებელია. რუსულ ძალებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი ოპერატიული რეზერვები.
ამასთან, სხვა რეგიონებიდან რუსული ძალების გადანაწილება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის ბოლო შეტევებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსული ძალების პოზიციები", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ექსპერტების თქმით, უკრაინული ძალების გარღვევის შემთხვევაში, რუსეთის ძალებს მოუწევთ უკან დახევა მეორეხარისხოვან თავდაცვით პოზიციებზე. ამასთან, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსული ძალების დეგრადაცია ქმნის შესაძლებლობას, ნებისმიერი უკრაინული გარღვევისთვის, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად მნიშვნელოვანი ოპერატიული მნიშვნელობა.