ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, თუ "ახმატი" ბახმუტის აღებას ვერ შეძლებს, პრიგოჟინი და კადიროვი რუსეთს დაადანაშაულებენ.
"ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რეგულარული რუსული ჯარების არაეფექტურად წარმოჩენას. ისინი ქმნიან პირობებს, რომ ბახმუტის რეგიონის წარუმატებლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, "ვაგნერიდან" "ახმატზე" გადასვლამ, შესაძლოა, შექმნას საფუძველი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომავალ წარუმატებლობაში დადანაშაულებისთვის. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ "ახმატი" იმავე სირთულეებს წააწყდება, რასაც "ვაგნერი" და ვერ შეძლებს ბახმუტის სრულად ხელში ჩაგდებას, პრიგოჟინს და კადიროვს შეუძლიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ იმაში, რომ მათ ძალისხმევას არასათანადოდ უჭერდნენ მხარს.
გუშინ, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს, "ახმატს" გადასცენ. მისი თქმით, ის უკვე უკავშირდება ახმატის წარმომადგენლებს, რათა 10 მაისს, 00:00 საათზე პოზიციები გადასცეს - "ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს“.