ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რაბოტინოს სამხრეთით ვითარება რთული და არასტაბილურია.
"რუსული ჯარები რაბოტინოში ტაქტიკურ კონტრშეტევებს ახორციელებენ. ამასთან, რაბოტინოს სამხრეთით ვითარება არასტაბილური, ტაქტიკურად რთული და დინამიურია.
რაც შეეხება დაჯგუფება ვაგნერის მებრძოლების სტატუსს, ჯერჯერობით გაურკვეველია, ითანამშრომლებენ თუ არა რუსეთის მთავრობასთან. ისინი რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებიან, მათ შორის ბელარუსში, აფრიკასა და ლიბიაში. დაჯგუფებას მკაფიოდ განსაზღვრული ერთი ლიდერი არ ჰყავს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
29 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან. ამასთან, დაზვერვის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვაგნერელთა ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო იქნებიან კონცენტრირებული.
ვაგნერის მებრძოლებმა უკრაინა პრიგოჟინის აჯანყებამდე, ივნისის დასაწყისში დატოვეს. 25 აგვისტოს, პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ვაგნერი აღარ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი უკრაინის ომში.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრებს შორის დაჯგუფება ვაგენერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო. პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, ვაგნერზე კონტროლი პირდაპირ კრემლზე გადავა და ეს მას პოტენციურად სახიფათოს ხდის.