ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებებს ბახმუტის აღების შესახებ სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს.
"აღმოსავლეთ ბახმუტის ბოლო რამდენიმე საქალაქო ბლოკი, რომლებიც პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის ძალებმა დაიპყრეს, არ არის მნიშვნელოვანი ტაქტიკური ან ოპერატიული თვალსაზრისით.
მათი დაკავება არ აძლევს რუსეთის ჯარებს ოპერატიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას, რათა გააგრძელონ შეტევითი ოპერაციები ან ძლიერი პოზიცია დაიკავონ, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა უკრაინის შესაძლო კონტრშეტევებისგან დაცვა", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
გუშინ, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა და 25 მაისს ქალაქს არმიას გადასცემენ. ამის შესახებ პრიგოჟინმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის თქმით, ვაგნერის ხელმძღვანელის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები ახლა ბახმუტის დასაცავად იბრძვიან.