სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული.
ISFED-ის ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა.
"ყალბი და საეჭვო ანგარიშები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ ელექტრონულ ტექნოლოგიებს დადებითად აფასებენ. მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მნიშვნელობა დააკნინონ და დეზინფორმაციად წარმოაჩინონ. ცესკოსა და მისი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მიმართ პოზიტიური კომენტარების გავრცელების პარალელურად, არაავთენტური ანგარიშები თავს ესხმიან ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, მათ შორის, ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს. პროფილები ხშირად ინტერაქციაში შედიან იმ ანგარიშებთანაც, რომლებიც ცესკოს პოსტებზე კრიტიკულ კომენტარებს წერენ - მათ არგუმენტებს უპირისპირდებიან და, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი შინაარსის პასუხს სცემენ.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში არაავთენტური პროფილების ჩართულობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც დაფიქსირდა, როდესაც რუსეთიდან მართულ სააგენტოსთან, „ნიუსფრონტთან” დაკავშირებული ყალბი პროფილები ფეისბუქზე ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობდნენ. ცესკოს ფეისბუქგვერდზე არაავთენტური ანგარიშები ადმინისტრაციის მიმართ პოზიტიური კამპანიის საწარმოებლად აქამდეც გამოიყენებოდა, თუმცა მათი ჩართულობა საარჩევნო დღეებში ნაკლებად ფიქსირდებოდა. არაავთენტურმა ანგარიშებმა პოსტებზე ინტერაქციაში შესვლა განსაკუთრებით აქტიურად ოქტომბრის ბოლოდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების განხილვა აქტიურად დაიწყო", - წერია განცხადებაში.
ISFED-ში ამბობენ, რომ საეჭვო ანგარიშებზე განთავსებული ფოტოების გადამოწმება შესაძლებელი არ არის, თუმცა ისინი სხვა საეჭვო მახასიათებლებით გამოირჩევიან. არაავთენტურ ანგარიშებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ უმეტესი მათგანის პროფილის ფოტოების განთავსების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ამასთანავე, პროფილის საეჭვოობის ინდიკატორებს ისიც ემატება, რომ ანგარიშებს, ძირითადად, 2-3 ფოტო უდევთ, რომლებიც, უმეტესად, ერთსა და იმავე დღეს აქვთ გამოქვეყნებული და მათი ინტერაქციები მცირეა.
"აღმოჩენილი ანგარიშებიდან ნაწილის შემთხვევაში ფეისბუქზე მითითებულია, რომ პროფილი ახალი შექმნილია (New Facebook Account), რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს პროფილის საგანგებოდ კამპანიის საწარმოებლად შექმნაზე", - აცხადებენ ISFED-ში.
ISFED-ის დაკვირვების სრული ვერსია ნახეთ აქ.