IPI: მთავრობა საქართველოში ავტორიტარიზმს ამყარებს - მედია ახლა გადარჩენის ზღვარზეა

IPI: მთავრობა საქართველოში ავტორიტარიზმს ამყარებს - მედია ახლა გადარჩენის ზღვარზეა

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საქართველოში არსებულ მედიაგარემოს მდგომარეობასთან დაკავშირებით შეფასებას ავრცელებს. მასში საუბარია მედიის მიმართ "ქართული ოცნების" ხელისუფლების რეპრესიულ კანონებსა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ დევნაზე, მათ მიმართ სიტყვიერ, თუ ფიზიკურ თავდასხმებზე.

IPI აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამყარებს ავტორიტარულ მმართველობას, რომლის ერთ-ერთი მანიშნებელიც მედიის მიმართ უპრეცედენტო ზეწოლაა, რაც ჟურნალისტების დაკავებაში, დაჯარიმებაში, ცენზურის დაწესების მცდელობაში და კიდევ არაერთ შემზღუდველ ნაბიჯში გამოიხატება.

"უცხოური დაფინანსებისა და მაუწყებლობის კონტენტის შესახებ კანონები ხელისუფლებას აძლევს უფლებამოსილებას, ცენზურირება მოახდინოს, სისხლისსამართლებრივი დევნა და დახუროს მედია, რომელიც საზოგადოებისთვის ახალი ამბებისა და ინფორმაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყაროებს უზრუნველყოფს.

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აძლიერებს ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის მცდელობებს, დამოუკიდებელი მედია უპრეცედენტო ზეწოლის წინაშე დგას და ახლა გადარჩენის ზღვარზეა. ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ექვემდებარებიან დაკავებებს, ფიზიკურ თავდასხმებს, თვითნებურ ჯარიმებს, ცენზურას, ასევე ფინანსურ და ინსტიტუციურ რეპრესიებს.

IPI უერთდება საერთაშორისო მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს და კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს (EU), ეფექტური ზეწოლა მოახდინოს მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნების“, რათა დასრულდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობა და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და მედიის თავისუფლება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ სოლიდარობას ქართველი ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც, მზარდი ზეწოლის მიუხედავად, უარს ამბობენ გაჩუმებაზე", - წერია IPI-ის განცხადებაში.

ინსტიტუტის შეფასებაში ხაზგასმულია ქართული ოცნების რეპრესიული კანონები უცხოელი აგენტების, გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ და რომ ამ კანონების ამოქმედების ფონზე, საქართველოში დამოუკიდებელ მედიას "შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩეს, სანამ ისინი იძულებულნი გახდებიან დაიხურონ."

IPI ასევე საუბრობს კომუნიკაციების კომისიაში ქართული ოცნების საჩივრებს ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ, რაც მათი თქმით, წარმოადგენს ხელისუფლების აშკარა მცდელობას, დააწესოს მკაცრი ცენზურა და გააჩუმოს დამოუკიდებელი მედია.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასება მოიცავს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ პრობლემებსაც. კერძოდ, ხაზგასმულია, რომ პირველი არხი სრულიად ქართული ოცნების გავლენის ქვეშ იმყოფება და რომელიც, წნეხის ქვეშ აქცევს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს.

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB) დიდი ხანია „ქართული ოცნების“ მთავრობის ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც თრგუნავს იმ ჟურნალისტების ძალისხმევას, რომლებიც პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალი რეპორტაჟის გაკეთებისკენ მიისწრაფვიან. ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც ისინი მაუწყებელში პოლიტიკურ ჩარევაზე საუბრობდნენ და შემდგომში დახურა ზაუტაშვილის თოქ-შოუ "რეალური სივრცე", - წერია განცხადებაში.

IPI ყურადღებას ამახვილებს უკანონოდ დაკავებულ მზია ამაღლობელზე და იმ სხვა ჟურნალისტებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის, ცილისწამების ან სამართლებრივი შევიწროების მსხვერპლი გახდნენ.

შეფასებაში მკვეთრად არის ხაზგასმული, რომ ქართული ოცნების ლიდერებზე და მედიის შევიწროებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების ლიდერებზე "მუდმივი საერთაშორისო ზეწოლის გარეშე, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში ვერ გადარჩება."

"ამასობაში, მზია ამაღლობელი, ვეტერანი ქართველი ჟურნალისტი და ქვეყნის ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი, იანვრის დასაწყისში დაპატიმრების შემდეგ უსამართლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. „მედიის თავისუფლების რუკების“ მონაცემების თანახმად, 28 ნოემბრიდან სხვადასხვა ბრალდებით სულ მცირე 13 ჟურნალისტი დააკავეს. ამ თარიღიდან მოყოლებული, 246 ჟურნალისტი გახდა თავდასხმის მსხვერპლი, მათ შორის ფიზიკური შევიწროება, ცილისწამების კამპანიები, სამუშაოსთვის ხელის შეშლა, სამართლებრივი შევიწროება და ჯარიმები.

მედიის თავისუფლების შევიწროება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული თავისუფლებების სწრაფი და სისტემატური დემონტაჟის ფონზე მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებზე და მედიის შევიწროებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების ლიდერებზე მუდმივი საერთაშორისო ზეწოლის გარეშე, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში ვერ გადარჩება.

მედიის თავისუფლების, დემოკრატიული თავისუფლებებისა და ჟურნალისტების უფლებების ეს დემონტაჟი, მზარდი ავტორიტარიზმისა და საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულების ცვლილების ფონზე, უფრო ფართო გავლენას ახდენს რეგიონში დემოკრატიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ეფექტური ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას ქვეყანაში. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი", - წერს IPI.