IPI: EU-მა საქართველოში მედიის წინააღმდეგ რეპრესიებზე დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოახდინოს

IPI: EU-მა საქართველოში მედიის წინააღმდეგ რეპრესიებზე დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოახდინოს

"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი" (IPI) საქართველოში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე სულ უფრო გაზრდილი წნეხის ფონზე, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივი ნაბიჯები უნდა გადადგას და ეფექტური ზეწოლა მოახდინოს "ქართულ ოცნებაზე."

"ყოველდღიურად საქართველო სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას უახლოვდება, რადგან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიის განადგურებისა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის მიმართულებით ძალისხმევას აძლიერებს", - წერია განცხადებაში.

კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე. ასევე ივანიშვილის მთავრობის მიერ მიღებულ ახალ ცვლილებებზე ცილიწამებისა და სასამართლოში მედიის მიერ გადაღების აკრძალვის შესახებ.

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებთან დაკავშირებით ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამგვარი ცვლილებები საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საფუძვლებს საქართველოში.

"ეს ცვლილებები ძირს უთხრის ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ სამართლებრივ დაცვას წყაროს კონფიდენციალურობის გაუქმებით, თვითცენზურის დამყარების ხელშეწყობითა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის დაბრკოლებებით. ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საფუძვლებს", - ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.

IPI ასევე საუბრობს სასამართლოს შენობასა და ეზოში ჟურნალისტის მიერ გადაღების აკრძალვის შესახებ. ეს ცვლილება, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ოცნებამ" ზუსტად მაშინ წარადგინა, როცა დამოუკიდებელი მედია ფართოდ აშუქებდა მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, მათ შორის მზია ამაღლობელის, სასამართლო პროცესებს.

ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებით, "ქართული ოცნება" ნელ-ნელა ახშობს ხარისხიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სივრცეს."

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია მზია ამაღლობელის მხედველობის გაუარესების საკითხიც.

"ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში კიდევ უფრო გაუარესდა. 4 და 6 თებერვალს მისი შიმშილობის დროს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა მკვეთრი გაუარესება: მარჯვენა თვალში მხედველობა 30%-დან 10%-მდე დაეცა, ხოლო მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ დაახლოებით 4% არის, რაც სინათლის აღქმით შემოიფარგლება. რეჟიმის ღია კრიტიკოსს, ამაღლობელს, ბრალი ედება პოლიციელზე თავდასხმაში, რის გამოც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამაღლობელის დაპატიმრება ფართოდ აღიქმება, როგორც შურისძიება მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის", - წერს IPI.

აქედან გამომდინარე, ინსტიტური წერს, რომ "დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გადარჩენა საქართველოში სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა."

ასევე ნახსენებია "ქართული ოცნების" ოპოზიციონერი ლიდერებიც დაკავებაც, რაც სამართლებრივი ჩაგვრის ახალ ტალღადაა შეფასებული.

განცხადების ბოლოს, "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირს ზეწოლა განახორციელოს არამხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირზე, მათ შორის მოსამართლეებზე, რომლებიც, განცხადების მიხედვით, პასუხისმგებელნი არიან მედიის შევიწროვებაზე და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობაზე.

ინსტიტუტი ასევე მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", გააუქმოს რეპრესიული კანონები, როგორიცაა ე.წ. FARA, და კანონების მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ.