
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მძევლების სახლში დაბრუნება ახლა ისრაელისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ. ახლა მთავარი სწორედ ესაა", - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.