IDF-მა ღაზის სექტორში მდებარე ჰამასის მართვის ცენტრზე იერიში მიიტანა

IDF-მა ღაზის სექტორში მდებარე ჰამასის მართვის ცენტრზე იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მართვის ცენტრზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას IDF ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰამასის მართვის ცენტრი ღაზის სექტორში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო განთავსებული.

IDF-ში ამბობენ, რომ ასეთ მართვის ცენტრებს ჰამასის წევრები ტერორისტული აქტების დაგეგმვისთვის და მოწყობისთვის იყენებენ.

"ოპერაციის დაწყებამდე მივიღეთ ყველანაირი ზომა, რათა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკები შეგვიმცირა, მათ შორის ამ მიზეზით გამოვიყენეთ მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა, ასევე დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად იმუშავა დაზვერვის სამსახურმა", - აცხადებენ IDF-ში.

6 ოქტომბერს, თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის მიერ თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი, რის გამოც თელავივი მზადყოფნაშია.

***

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ისრაელს თავს დაესხა. თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ორგანიზაციას მძევლად 200-250 ადამიანი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის იყვნენ ბავშვები და მოხუცები. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები იყო ამოქმედებული. მაშინ ჰამასმა თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი.