ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი ამბობს, რომ ევაკუაციის გაფრთხილების გამოცხადების შემდეგ, ღაზის სექტორის ჩრდილოეთი, დაახლოებით, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, რაც მთელი მოსახლეობის ნახევარია.
ისრაელმა 13 ოქტომბერს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა. ისრაელი ამბობს, რომ ღაზის სექტორში "მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს" მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს.
მანამდე ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ.
მეორე დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ტერიტორიისკენ გადაადგილების შესახებ ხელახლა მოუწოდეს - IDF-ის პრესსპიკერმა მოსახლეობას ურჩია, ეს მათივე უსაფრთხოებისთვის გაეკეთებინათ, რადგან თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად, ჰამასის ლიდერებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.
IDF-მ ევაკუაციის ვადა შემდეგ დღეებშიც გაახანგრძლივა, თუმცა კონკრეტული მარშრუტები გამოაქვეყნა და თქვა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში პალესტინელებს ტერიტორიის დატოვება უსაფრთხოდ შეეძლოთ. პარალელურად, მათ ბრალი დასდეს ჰამასის დაჯგუფებას, რომ ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, რა მიზნითაც, ტერიტორიაზე კოლონები ჩააყენეს და მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ევაკუაციის გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა გარკვეული ჯგუფების, მათ შორის დასავლელი ლიდერების მხრიდან. მაგალითად, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელის მითითება ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე, შესასრულებლად შეუძლებელია.