BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა ჰეზბოლას ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა.
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაჯგუფების შტაბბინა საცხოვრებელი შენობების ქვეშ, დაჰიეს გარეუბანში, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
"შტაბბინა განზრახ აშენდა საცხოვრებელი შენობების ქვეშ, როგორც ჰეზბოლას სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ლიბანელ ხალხს ადამიანურ ფარად იყენებს. ისრაელი აკეთებს იმას, რასაც მსოფლიოში ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა, თუ მათ საზღვარზე იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მათ განადგურებას ცდილობს. ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად, რათა ისრაელის ოჯახებმა შეძლონ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და უსაფრთხოდ ცხოვრება", – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარმა.
მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ ბეირუთში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ვრცელდება ფოტოები, რომელზეც აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვამლი ჩანს. ბეირუთში აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა.
ამასთან, გამოცემა Axios-ის ისრაელურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო. გამოცემის მიხედვით, ამ დროისთვის ისრაელის არმია ამოწმებს, მოყვა თუ არა ნასრალა ისრაელის მიერ მიტანილ იერიშში.