ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, მძევლების გადარჩენის მიზნით, ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.
"ისრაელი ომობს ჰამასის და არა ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო კვირების განმავლობაში, IDF ჰამასს აფრთხილებდა, რომ ჰამასისი მიერ ალ-შიფას ჰოსპიტლის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება საფრთხეს უქმნის მის საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ სტატუსს და "საკმარისს დროს აძლევს მათ საავადმყოფოს ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად".
ისრაელის განცხადებით, ხელს შეუწყობენ ფართომასშტაბიან ევაკუაციას და რეგულარულ დიალოგს აწარმოებენ საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან. ისინი მოუწოდებენ ჰამასის წევრებს, ჩაბარდნენ.
ალ-შიფა ღაზაში ყველაზე დიდი საავადმყოფოა. ჰამასი სამხედრო მიზნებისთვის მის გამოყენებას უარყოფს. მათი მტკიცებით, შენობას მშვიდობიანები ისრაელის თავდასხმებისგან თავდასაცავად იყენებენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაწესებულებაში იწურება საწვავი, რის გამოც, თითქმის შეუძლებელი გახდა პერსონალის მიერ იქ მყოფთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა. მათ შორის, არიან ჩვილებიც, რომლებიც ინკუბატორიდან ელექტროენერგიის გათიშვის გამო გამოიყვანეს.
მანამდე, ერთ-ერთმა ექიმმა BBC-ს განუცხადა, ალ-შიფას მასობრივ საფლავში დაახლოებით 200 ადამიანი დაკრძალეს.